აქტივისტებს, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონში ევროკავშირის შესახებ ესაუბრებოდნენ, აგრესიული ჯგუფები მარნეულშიც დახვდნენ. ისინი ორგანიზებულად მივიდნენ იქ, სადაც აქტივისტები იმყოფებოდნენ, მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცადეს ფიზიკური ძალადობაც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აგრესიული ადამიანების ნაწილმა ფაქტობრივად ალყაში მოაქცია მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა. ისინი მას უყვიროდნენ და ლანძღავდნენ იმის გამო, რომ 14 მარტს მარნეულში პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.
14 მარტის შემდეგ ძალადობრივმა ჯგუფებმა სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარები წამოიწყეს.
მათი პროპაგანდისტული რიტორიკით, აქტივისტმა შეურაცხყო ჯვარი, რომელიც კონსერვატიული მოძრაობის პარტიულ სიმბოლოდ არის გამოყენებული. სამირა ბაირამოვას დღეს შეკრებილი აგრესიული ჯგუფიც იმავეს უმეორებდა.
"ქრისტიანებთან საუბრის უფლება არ გაქვს. მე შენს სარწმუნოებას შევეხე?". - უთხრა ერთ-ერთმა ქალმა აგრესიული ჯგუფიდან, ირმა ზარქუამ, ეთნიკურად აზერბაიჯანელს და მუსლიმს, სამირა ბაირამოვას.
ზარქუა 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების საკრებულოს სიაში იყო.
მან სამირა ბაირამოვას ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარიც არ აცალა, ხოლო ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ "მატყუარა ტელევიზიის წარმომადგენელია".
***
ქართული ოცნება მოქალაქეებთან ევროინტეგრაციაზე სალაპარაკოდ გასულ ოპოზიციასა და სახალხო მოძრაობის წევრებს პარტაქტივს ახვედრებს და შეხვედრების ჩაშლას ცდილობს.
ყველა ქალაქში, სადაც კი პოლიტიკოსები და აქტივისტები ჩადიან, ადგილზე ხელისუფლების ორგანიზებული პირები ჩნდებიან. უმეტესი ნაწილი საჯარო მოხელეა და ადგილობრივ თვითმმართველობებშია დასაქმებული.
მათ ერთადერთი დავალება აქვთ - არ მისცენ ხელისუფლების ოპონენტებს ხალხთან მუშაობის საშუალება.